ჯავახეთი მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 1783 მეტრზე, სამხრეთ კავკასიაში ჯავახეთის ზეგანზე. მას სამხრეთ დასავლეთით ესაზღვრება თურქეთი, სამხრეთ აღმოსავლეთით სომხეთი. საქართველოს ეს კუთხე გამოირჩევა მაღალი მთებითა და შიშველი მინდვრებით, აქ გრილი ზაფხული და ცივი ზამთარი იცის. ჰაერის ტემპერატურა ზაფხულში +30*, ხოლო ზამთარში -38*-ია.
მიუხედავად ტემპერატურის ასეთი მერყეობისა ჯავახეთში მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მიწის დამუშავებაა.
რადგან ნიადაგი მეტად ნოყიერია, მოსავალიც ჩინებული მოდის (პური, ქერი, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი).
ჯავახეთში მოსახლეობის შემოსავლის წყაროა მეცხოველეობაც, რადგანაც კარგი იალაღები აქვთ.
ჯავახეთში ტყე სრულიად არ არის. მთის კალთებზე თუ შეამჩნევთ ხელოვნურად გაშენებულ ნაძვნარსა და ფიჭვნარს. ჯავახური სოფლები გარეგნულად განსხვავდება ტიპიური ქართული სოფლებისაგან. ეს იმიტომ, რომ აქ არა არის ბაღ-ვენახი, სიცივის გამო ხილი ვერ ასწრებს დამწიფებას.
ეს კუთხე გამოირჩევა ტბების სიუხვით, თუმცა მდინარეები ნაკლებადაა. ჯავახეთი მოიცავს ორ მუნიციპალიტეტს: ნინოწმინდასა და ახალქალაქს.
ნინოწმინდის ცენტრალურ გზას თუ გაჰყვებით გზაჯვარედინზე, მოსაცდელთან შეამჩნევთ ტრაფარეტს, რომელსაც აწერია -ფოკა.
დიახ, ეს ჩემი სოფლის სახელია
იგი რაიონული ცენტრიდან 28 კმ-თაა
დაშორებული. სოფელი ზღვის დონიდან
2100 მ-ზეა. კლიმატი, როგორც მთელ ჯავახეთში, აქაც ძალიან მკაცრია. ფოკა მდებარეობს სამსარისა და ჯავახეთის ქედებს შორის არსებულ ზეგანზე.
ჩემი სოფელი უხსოვარი დროიდან ცნობილია თავისი ისტორიული წარსულით აქ ძველთაგანვე ცხოვრობდნენ ქართველები, შემდეგ კი თურქები. დღეს მოსახლეობის ძირითადი შემადგენლობა სომეხია. (95%)
1827 წელს რუსეთ სპარსეთის ომის დროს, პასკევიჩმა პირველი სომხური, არაქელიანთა და ქოსიანთა, ოჯახები ჩამოასახლა. ამ ადგილას მათი დასახლება ფარავნის ტბამ განაპირობა. როცა ნახეს ტბაში სხვადასხვა ჯიშის თევზი, გადაწყვიტეს აქ დასახლებულიყვნენ. აქვე დასახლდნენ თურქეთიდან გადმოსული ოჯახები. სოფელში საურთიერთობო ენა პირველად თურქული იყო. მათი ერთად ცხოვრება 30 წელი გაგრძელდა. მათ ტრადიციებიც თითქმის ერთნაირი ჰქონდათ. დროთა განმავლობაში თურქებმა დატოვეს სოფელი და დარჩა სომხური მოსახლეობა.
1915 წელს თურქეთში მომხდარ თურქულ-სომხურ დაპირისპირებას მილიონამდე სომეხი შეეწირა. გადარჩენილი სომეხი მოსახლეობა მიმოიფანტა სხვადასხვა ქვეყანაში, ნაწილი ჯავახეთში ჩამოვიდა, ამ დროს, ფოკაში 100-მდე ოჯახი დასახლდა.
ამ დროისათვის აქ აუტანელი საცხოვრებელი პირობები იყო, ამიტომ მაღალი იყო სიკვდილიანობის მაჩვენებელი. სოფელს ფარავნის ტბა ასაზრდოებდა.
1920 წელს დაარსდა კოლმეურნეობა, სადაც ყველა ოჯახი გაერთიანდა. აქ არ იყო ექიმი, მის მოვალეობას ორი ბებიაქალი ასრულოებდა, ისინი ხალხური მედიცინით მკურნალობდნენ მოსახლეობას.
მიუხედავად XXI საუკუნისა, სოფელს დღესაც არ ჰყავს ექიმი და არ აქვს სამედიცინო პუნქტი. სოფელი მომავალს იმედით უყურებს, იმიტომ რომ მალე დაბრუნდებიან აქედან წასული ახალგაზრდები, რომლებიც სწავლას აგრძელებენ საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტში.
გასული საუკუნის ბოლოს, აქ 500-მდე ოჯახი ცხოვრობდა, 1990-იანი წლებიდან სოფელი დატოვა 150-მა ოჯახმა. ისინი რუსეთში, სომხეთსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დასახლდნენ. ამჟამად აქ 350 ოჯახია. მიგრაციის მიზეზი მძიმე ეკონომიური და პოლიტიკური პირობები იყო. სოფელი დიდთოვლიანობისას იკეტება.
დღეს მოსახლეობის გადინება არ ხდება სოფლიდან. დაიწყო მოსახლეობის ჩართვა საქართველოს სხვადასხვა პროგრამაში. სტუდენტების უმრავლესობა ქართულ უნივერსიტეტებში სწავლობს.
ფოკას უჭირავს 2500 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აქ განვითარებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: მესაქონლეობა, მეცხვარეობა, მემინდვრეობა და მეფუტკრეობა.
საძოვარ სათიბ ადგილებთან ერთად მოსახლეობას აქვს სათესი მიწის ნაკვეთები, სადაც თესავენ ხორბალს, ქერს, საშემოდგომო ბოსტნეულს: სტაფილოს, კარტოფილს, ხახვს, ნიორს. სოფელში ძირითადად ვაჭრობა ხდება ბარტერული წესით.
აქ შეიქმნა ფერმერული მეურნეობები. სოფელში დღეს უფრო მეტი საქონელი და ცხვარი, ჰყავთ ვიდრე კოლმეურნეობის დროს. ჭარბი კვებვის პროდუქტები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და თბილისის ბაზრებში იყიდება. ცნობილია ფოკის ყველი, არაჟანი, კარაქი, ერბო. იმატა ოჯახების შემოსავალმაც. სოფელში დაიწყო ძველი სახლების გაახლება-გარემონტება, ასევე ახლების შენება. გაუმჯობესდა საყოფაცხოვრებო პირობები, ოჯახებმა აიშენეს თანამედროვე პირობების შესაბამისი აბანო და საპირფარეშო. შეიძინეს მსუბუქი მანქანები და მიკროავტობუსები.
სწორედ აქ მდებარეობს საქართველოში ყველაზე ლამაზი და დიდი ტბა ფარავან- ანუ თავფარავანი, როგორც მას ძველად უწოდებდნენ. ტბის სიგრძე 11 კმ-ია, სიგანე 5 კმ, ხოლო სიღრმე საშუალოდ 3,5 მეტრია.
ამ ტბაში თევზების მრავალ სახეობა ბინადრობს, განსაკუთრებულია „რიაბუშკა“. რიაბუშკა ამ ტბაში წლების წინ ლენინგარდიდან ჩამოიყვანეს (დაახლოებით სამი მილიონი ლიფსიტა) და ტბაში გაუშვეს.
ადრე ტბაზე მუშაობდა ორი თევზმჭერი გემი, რომელებიც წელიწადში 15 ტონამდე თევზს იჭერდა და აგზავნიდა საკონსერვო ქარხანაში. დღეისათვის ტბაში თევზი აღარ არსებობს და აღარც გემები მუშაობენ. ამის მიზეზი ეკოლოგიური მდგომარეობაცაა. სოფელს არ აქვს ნაგავსაყრელი, თითქმის ყველა ოჯახი ღუმელში დაგროვებულ ნაცარსა და ნაგავს ქუჩაში ყრის.
წვიმის დროს ეს ნარჩენები ნაკადულის სახით ჩაედინება ტბაში, რაც ხელს უშლის თევზების გამრავლებას ზამთარში ტბა მთლიანად იყინება, 3 თვის განმავლობაში ზედ მანქანები დადიან, სამომავლოდ შეიძლება აქ გაკეთდეს სპორტული ბაზა ბუნებრივი სათხილამურო და საციგურავო.
ტბაში ბინადრობს შემდეგი სახეობის თევზები:
კობრი, კაჩხანა, კალმახი, „რიაბუშკა“ და სხვა.
სოფელს ზემოდან დაჰყურებს ჯავახეთის უდუდესი და ულამაზესი მთები, დიდი და პატარა აბული, რომელთა სიმაღლეა 3800 და 3200 მეტრი. მომავლისთვის შეიძლება ეს ტურისტების საყვარელი ადგილი გახდეს, მათი მწვერვალებიდან ხელისგულივით მოჩანს მთელი სამცხე-ჯავახეთი.
მეცხოველობასთან ერთად აქ განვითარდა მეფუტკრეობაც. აქ ხარობს ასზე მეტი სახეობის სამკურნალო მცენარე, ამიტომ აქაური თაფლი მეტად მარგებელია და კარგად იყიდება, ასევე მოთხოვნილებაა ფუტკრის შხამზე, რძეზე, სანთელზე და დინდგილზე.
სოფლისათვის მნიშვნელოვანია სამანქანო და სარკინიგზო ტრანსპორტი. მომავალში აქ გაივლის ევროპისკენ მიმავალი სატვირთო თუ სამგზავრო სარკინიგზო ტრანსპორტი. ყოველივე ეს კეთილად აისახება სოფლის ცხოვრებაზე, კვების პროდუქტებთან ერთად აქ გაიყიდება ხელნაკეთი სუვენირები.
პირველი რკინიგზა 1985 წელს გაიხსნ. მაშინ აქ ორვაგონიანი შემადგენლობა დადიოდა. იგი ჯავახეთს აკავშირებდა თბილისთან. ეს კი ხელს უწყობდა პროდუქტის გასაღებას.
1860 წელს ფოკაში სოფლის მღვდელმა
ეკლესიაში გახსნა ფასიანი დაწყებითი
სკოლა, რომელიც 1920 წელს დაიხურა.
1935 წელს საცხოვრებელ სახლში გაიხსნა 4 წლიანი სკოლა. ბავშვები სწავლის გასაგრძელებლად მეზობელ სოფელში მიდიოდნენ, რომელიც 7 კილომეტრითაა დაცილებული ფოკას. ზამთარში შეუძლებელი იყო ამ მანძილის ფეხით გავლა. ამის გამო ბავშვები თავს ანებებდნენ სწავლას.
როდესაც გაიზარდა სწავლის მოთხოვნილება ქირით აღებულ კერძო სახლში დაიწყეს გაკვეთილების ჩატარება. 1971 წელს აშენდა სკოლის ახალი შენობა, სადაც ხუთასამდე მოსწავლე სწავლობდა, ახალ სკოლასთან ერთად კვლავ ფუნქციონირებდა ძველი, ნაქირავები სახლები. 80-იანი წლებიდან იკლო მოსწავლეთა რაოდენობამ, მძიმე პირობების გამო დაიწყო სოფელში მიგრაცია, სოფლიდან დაახლოებით 150 ოჯახი გადასახლდა რუსეთში. დღეისათვის სკოლაში სამასამდე ბავშვია, იმატა პირველკლასელთა რაოდენობამ, ეს იმიტომ, რომ მოხდა საქართველოს სხვადასხვა პროგრამაში მოსახლეობის ჩართვა. უმრავლესობამ სწავლის გასაგრძელებლად აირჩია საქართველო.
1984 წელას სოფლის ცენტრში აშენდა
კლუბის შენობა. მანამდე კინოებს უჩვენებდნენ სკოლის შენობაში.
ახალი კულტურის სახლში გაიხსნა სიმღერის, ცეკვის, დრამატული, ჭრა-კერვის ჯგუფები და სოფლის ბიბლიოთეკა. სოფლის ახალგაზრდებს სტიმული მიეცათ თავიანთი ნიჭის გამოსავლენად.
დღეისათვის აქ ყველაფერი შეიცვალა, თანამედროვე ტექნიკის განვითარებამ კულტურის სახლს სხვა ფუნქცი დააკისრა.
სოფლის ტრადიციები
ქორწილიძველად თავიანთ „საბედოს“ ქორწილიში, ან სოფლის წყაროზე ნახულობდნენ. თუ ქალ-ვაჟი ერთმანეთს თვალებში ჩახედავდა, ან ერთმანეთს გამოელაპარაკებოდა ეს მოწონებას ნიშნავდა.
სანამ გოგოს ოჯახში მაჭანკალს მიაგზავნიდნენ, მანამდე იგებდნენ თანხმა თუ იყო.
მოწონების შემთხვევაში ვაჟის მაჭანკალი მიდიოდა გოგოს ოჯახში მას თან ახლდა გოგოს ერთი ნათესავი. მიმდინარეობდა მოლაპარაკება აგებინებდნენ ვაჟის მშობლებს პასუხს.
თანხმობის შემთხვევაში ვაჟი მიდიოდა მოყვრებთან. ინიშნებოდა ქორწილის თარიღი. ამ დღეს გოგოსთან მიჰქონდათ ბურთის ფორმის ოქროს საყურეები, ოქროს ბეჭედი და საათი. გოგო იკერავდა საქორწილო კაბას „ჩიხთიტოპს“. ქორწილამდე ვაჟი მიდიოდა გოგოს ოჯახში ახალგაზრდა ვაჟებთან ერთად. ამ დღეს ელაპარაკებოდა გოგოს პირველად. ბიჭის ოჯახი ემზადებოდა საქორწილოდ , მუსიკის თანხლებით იკვლებოდა საკლავი, ასევე მუსიკის თანხლებით სიძე-მაყრიონი მამლით ხელში მიდიოდნენ პატარძალთან. საპატარძლო ამ დროს ახლობლის სახლში იყო წაყვანილი თავის დასაბანად. ვაჟიც იმ ოჯახში მიდიოდა. აქ მალავდნენ პატარძლის ფეხსაცმელს, რომლის გამოსაჩენადაც ვაჟი იხდიდა ფულს. მიჰყავდათ პატარძალი დედა თან ატანდა ქათამს, ასევე თეფშს, რომელსაც ამტვრევდნენ სიძის სახლის კარებში. ამ დროს პატარძლის დედის მისვლა არ შეიძლებოდა ქორწილში. ქორწილი 3 დღეს გრძელდებოდა.
ქორწილში პატარძალს ცეკვის დროს აძლევდნენ ფულს. ფულს ჩუქნიდნენ ახალგაზრდა გოგონებსაც. ბოლოს შეგროვილ თანხას მუსიკოსებს გადასცემდნენ. ყველაზე დიდხანს ცეკვავდნენ „ფერხულს“ და „ქოჩარს“.
ამ ტრადიციებიდან დღეს თითქმის აღარაფერია შემორჩენილი. გაცნობაც და დაკავშირებაც ინტერნეტისა და მობილურის ფუნქციაა. ქორწილებსაც არ იხდიან ოჯახებში, ქორწილები იმართება საქორწინო დარბაზებსა და რესტორნებში.
დაკრძალვა
ძველად, როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა მას ეკლესიაში გადაასვენებდნენ, მეორე დღეს კი დაასაფლავებდნენ. უწინ მიცვალებულს სასახლეში არ ჩაასვენებდნენ. კერავდნენ ტილოს ტომარას, რომლითაც მარხავდნენ მიცვალებულს. დაკრძალვის შემდეგ ხალხი გარდაცვლილის ოჯახში მიდიოდა, იქ კი თავიანთი კოვზით საერთო თეფშიდან მიირთმევდნენ ფლავს.
ეკლესიაში მიცვალებულს ხის ტახტით მიასვენებდნენ.
დღეს ეს წესი შეიცვალა. მიცვალებულს სამი დღის განმავლობაში სახლში ასვენებენ, შემდეგ მოაქვთ სასახლე და მიცვალებულს კრძალავენ. ბოლოს იმართება ქელეხი, ამ დღისათვის განკუთვნილ დარბაზში. კერძებიც მრავალფეროვანია.
327 წელს წმინდა ნინო სომხეთის გავლით შემოვიდა საქართველოში, ივნისის თვეში შეჩერდა ჯავახეთის ზეგანზე-ფარავნის ტბის სანაპიროზე, იქ დაჰყო ორი დღე. მწყემსებს ჰკითხა „სად არის ქალაქი მცხეთა“? მათ უპასუხეს, რომ „ტბიდან გამომავალი მდინარე გაივლის ქალაქ მცხეთასო“. ნინო გაუყვა მდინარეს და მიადგა მცხეთას.
იმ ადგილას სადაც წმინდა ნინომ მიიძინა, ტბის ნაპირზე, წმინდანის სახელზე, 1988 წელს აშენდა მამათა მონასტერი. სადაც პირველ ივნისს დღესასწაულობენ წმინდა ნინოს შემოსვლას საქართველოში. ამ დღეს მომლოცველთა ჯგუფი, სიმბოლურად ფეხით მცხეთისკენ მიემართება და გადის იმ გზას რაც წმინდა ნინომ გაიარა.
სოფლის ცენტრში დგას XI საუკუნის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი, სადაც 1992 წელს დაარსდა დედათა მონასტერი. ტაძრი აღადგინეს 2002-2004 წლებში.
ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა მონოფიზიტია.
წივის დამზასდებას ფოკაში უხსოვარი დროიდან მისდევენ. არსებობს ძველი და თანამედროვე წივის დამზადების ტექნოლოგიები, არის ძროხისა და ცხვრის წივა, რომლებიც თავისი დამზადების წესით გამოირჩევა. მთელი ზამთრის განმავლობაში საქონლის ნაკელს სართულებად აწყობენ და ტკეპნიან, გაზაფხულზე ჭრიან და მზეზე აწყობენ გასაშრობად.
ცხვრის წივა მზადდება ზამთარში, ძროხისგან განსხვავებით, ცხვარი თვითონ, ფეხით ტკეპნის ნაკელს, მისი პატრონი კი ზამთრის განმავლობაში სამ-ოთხჯერ ჭრის დატკეპნილ ნაკელს პატარა ზომებად და აწყობს ღობეებზე გასაშრობად. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალები მოჭრილ წივას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყოველ მხრიდან გამოშრეს. შემოდგომით გამხმარ წივას ინახავენ საწივეებში ან გარეთ ეზოში, რომელსაც გარედან ნაკელს უსვამენ, რათა ზამთრის განმავლობაში შიგ სისველე არ ჩავიდეს.
დღეისათვის წივის დასამზადებლად იყენებენ ტრაქტორებსაც, რომელებსაც მიბმული აქვთ პატარა წნეხი, რომლის საშუალებითაც იჭრება „თანამედროვე წივა“.
სოფლის მოსახლეობის 95% საწვავად იყენებს წივას - ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთ წელიწადში გაჩეხვისგან გადარჩენილია დაახლოებით 1 ჰექტარი ტყე მაინც.
გამოყენებული ლიტერატურა: „წმინდა ნინოს ცხოვრება“
ინტერვიუები მოსახლეობასთან
ფოტო მასალა და ნახატები
No comments:
Post a Comment